Feeds:
Записи
Комментарии

დიდი დიღმის ტყის ნობათი - ქამა, წკრიალა, ჯგუფურა

საქართველო სოკოთი მდიდარი ქვეყანაა, რაც ჩვენი ქვეყნის  ბიომრავალფეროვნებით არის გამოწვეული. წიწვოვანი, ფოთლოვანი თუ შერეული ტყეები, დიდ ფართობებზე გაშლილი ბუჩქნარი და ველ–მინდვრები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საჭმელად ვარგისი სოკოების გამრავლებისთვის. ამის მიუხედავად, ისტორიულად, ქართული სამზარეულო სოკოს კერძების მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნის. დიდი ტრადიცია არა აქვს ქართულ მიკოლოგიასაც – სოკოების შემსწავლელ მეცნიერებას. სოკოს მოყვარულებს ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, არა აქვთ პროფესიონალების მიერ მომზადებული ატლასები, გზამკვლევები და კულინარიული სახელმძღვანელოები.

სოკოს შეგროვება ხშირად ბუნების სიყვარულს უკავშირდება. ნამდვილი მესოკოვე სოკოს მარტო იმიტომ არ აგროვებს, რომ მერე იგი შეჭამოს, ან გაყიდოს და ფული იშოვოს. სოკოსგან ამა თუ იმ კერძის მომზადება და ვახშამი ტყის ბილიკებზე ხეტიალის საუკეთესო დაგვირგვინებაა. სხვათაშორის, ასეთივე ეთიკის კოდექსი აქვთ მონადირეებსაც – მათ თვალში არ მოსდით იარაღასხმული კაცები, რომლებიც ნადირ–ფრინველს მუცლის ამოსაყორად ან ბაზარში გასატანად ხოცავენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოკოს შეგროვებისადმი ისტორიულად სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. სოკოს უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში წყალობენ. აღმოსავლეთ მთიანეთში მას ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ და საკვებად იშვიათად გამოიყენებდნენ. ამაზე მეტყველებს თუნდაც ცნობილი ეთნოგრაფის, გიორგი ბოჭორიძის წიგნი „თუშეთი“, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუშების მენიუ 100–150 წლის წინ, მაგრამ აქ სოკო საერთოდ არ არის ნახსენები. იქნებ, ავტორს გამორჩა? ან იქნებ, თუშეთში სოკო არც არის? მეორე კითხვაზე ზუსტი პასუხი მაქვს – პირადად დამიკრეფია სოფელ ჩიღოს ფიჭვნარში წითლიო და მტრედიო.

სოკოს მოყვარულთათვის ყველაზე სანდო და ძვირფასი ლიტერატურაა ქართული მიკოლოგიის ცნობილი ავტორიტეტის ივანე ნახუცრიშვილის წიგნები. იგი 30 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა მიკოლოგიის განყოფილებას საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტში. მანამდე საქართველოში გავრცელებულ სოკოებს, ძირითადად, რუსი ან სხვა ეროვნების უცხოელი სპეციალისტები იკვლევდნენ.

საინტერესო ცნობებია დაცული ალექსანდრე მაყაშვილის „ბოტანიკურ ლექსიკონში“, სადაც მცენარეთა სახელწოდებების გვერდით გვხვდება სოკოების სახელწოდებებიც. ავტორი ცდილობს, გადმოსცეს არა მარტო ამა თუ იმ სოკოს ქართული, ლათინური და რუსული სახელწოდებები, არამედ მათი სინონიმები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. სწორედ ასეთი უნივერსალური მიდგომის გამო, წიგნში ზოგიერთი სოკოს სახელწოდება არასწორად არის გადმოცემული.

ზოგჯერ, ისე ხდება, რომ სხვადასხვა სახეობის ორ სოკოს სხვადასხვა რეგიონში ერთი სახელით მოიხსენიებენ, რაც მეცნიერებს შემდეგ თავიანთ წიგნებში აქვთ გადატანილი. მაგალითად, ალ. მაყაშვილის „ბოტანიკური ლექსიკონის“ მიხედვით, მჭადა არის Lactarius deterrimus – ე. წ. „რიჟიკა“, რომელიც ძირითადად ფიჭვნარში ხარობს. ზემო იმერეთში ამ სოკოს რუსული სახელით მოიხსენიებენ, ხოლო მჭადას ეძახიან Lactarius volemus–ს, რომელსაც მეორენაირად ჭეჭკეტასაც უწოდებენ. ეს სოკო ალ. მაყაშვილს ჭეჭკეტად აქვს მოხსენიებული. თუმცა, იქვე უთითებს, რომ კახეთში მას მჭადოს ეძახიან. ამავე სოკოს ივანე ნახუცრიშვილიც ჭეჭკეტად მოიხსენიებს და იქვე წერს, რომ ზოგჯერ მას მჭადასაც (ჭადილოს) ეძახიან. გამოდის, რომ მჭადა ჰქვია ორ სრულიად სხვადასხვა სახეობის სოკოს, რაც სოკოს მოყვარულების დიდი დავა–კამათის მიზეზი ხდება, როცა ამ სოკოების შეგროვებისას მათ იდენტიფიკაციაზე მიდგება საქმე.

Lactarius deterrimus – ფიჭვნარის „რიჟიკა“, რომელსაც ლ. მაყაშვილი მჭადას უწოდებს

Lactarius volemus - ჭეჭკეტა (იგივე მჭადა, მჭადო, ჭადილო)

სამწუხაროდ, საქართველოს სოკოების კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია და ილუსტრირებული ატლასების გამოცემა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა. მანამდე სოკოს მოყვარულები, ალბათ, კიდევ ბევრჯერ ავურევთ ერთმანეთში სხვადასხვა სოკოებს. მთავარია, ამ არევ–დარევამ საბედისწერო შედეგამდე არ მიგვიყვანოს და გემრიელი სოკოების ძიებისას რომელიმე შხამიანი სოკო არ შემოგვეჭამოს.

Amanita caesarea – ნიყვი, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სოკო საქართველოში

განსაკუთრებით საფრთხილო ამბავია ყველაზე გემრიელი სოკოების – ნიყვისა და ქამას გარჩევა მათი შხამიანი ორეულებისგან. ნიყვი არის Amanita–სებრი სოკოების ერთ ერთი სახეობა –Amanita caesarea. მას ძალიან ჰგავს შხამიანი სოკო – Amanita muscaria, რომელსაც ალ. მაყაშვილი მოიხსენიებს წითელ შხამა სოკოდ, ჯღავანად. ივანე ნახუცრიშვილმა კი Amanita muscaria–ს ძველი ქართული სახელი – ცადამაყვანა შეურჩია. ცადამაყვანა ლამაზი სიტყვაა და შინაარსობრივადაც კარგად გამოხატავს ამ სოკოს თვისებებს. ამიტომ, ალბათ, უმჯობესია ეს სახელი დავამკვიდროთ.

Amanita muscaria – ცადამაყვანა, ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკო

„ნიყვს და მის შხამიან ბიძაშვილს მართლაც ბევრი ვერ არჩევს,  მითუმეტეს – თუ გადაუღებლად წვიმს. საქმე ისაა, რომ ორივე სოკო თეთრი პარკიდან ამოდის. ნიყვი ცენტრში ხევს ამ პარკს.  შხამა სოკო კი ნაფლეთებად აქუცმაცებს და შედეგად მერე თეთრი ფიფქები აქვს ქუდზე.  ძლიერ ნესტიან პირობებში პარკი არ ნაწევრდება და მთლიანად ძვრება ქუდიდან,  აი ამ დროს მართლა განსაცდელი ელის გამოუცდელ სოკოს მაძიებელს. ასეთ შემთხვევაში, იგი სოკოს ძირს უნდა დააკვირდეს, სადაც ნიყვს თეთრი ბუდე შემორჩენილი უნდა ჰქონდეს, ხოლო შხამას – არა“, – ამბობს ღვინის კლუბის წევრი, „მეღვინეობა ხარებას“ მეღვინე, დათო ჩიჩუა. იგი ხუმრობს, რომ „წინა ცხოვრებაში სოკოს სპეციალისტი იყო და ამ დარგში დისერტაციაც კი დაიცვა. მართალია, მერე მეღვინეობაზე გადაერთო, მაგრამ სოკოების შეგროვება კვლავ რჩება მის ჰობად.

Agaricus arvensis – მინდვრის ქამა, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სოკო

დათო ჩიჩუას თქმით, საქართველოში ქამას 20–ზე მეტი სახეობა არსებობს. აქედან 3–4 სახეობა შხამიანია და ქამას მოყვარულმა შემგროვებელმა, მათი გამოცნობა აუცილებლად უნდა იცოდეს. ყველაზე უწყინარი და შედარებით ადვილი გამოსარჩევი სახეობაა ცხვარიო, რომელიც მწყემსების საყვარელი მინდვრის სოკოა.

ივანე ნახუცრიშვილი „მომაკვდინებლად შხამიან სოკოს“ უწოდებს ცრუ ქამას – (rhodophyllus sinuatus, რუსულად — ложний шампиньон), რომელიც რეალურად ქამების ჯგუფის სოკო არც არის, მაგრამ მას მაინც ჰგავს და გამოუცდელმა სოკოს მოყვარულმა შეიძლება ქამასთან ერთად შეაგროვოს. შედარებით ნაკლებად საშიშია შხამიანი ქამა – Agaricus xanthoderma, რომელიც მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვევს. საჭმელი ქამასგან მას ძირითადად, კარბოლის მჟავის, ე. წ. აფთიაქის სუნი გამოარჩევს.

Agaricus xanthoderma - შხამიანი ქამა, რომელსაც მინდვრის ქამასგან მხოლოდ კარბოლმჟავის, ე. წ. ფარმაცევტული, აფთიაქის სუნით გაარჩევთ

შედარებით ადვილი გასარჩევია მანჭკვალა თავისი შხამიანი გარებიძაშვილებისგან, თუმცა გამოუცდელი ადამიანები მაინც ცდებიან. მანჭკვალა – armillariella mellea, რუსულად – опенок ყავისფერია, ქუდს ქვემოდან თეთრი ან მოყვითალო ფირფიტები აქვს და სრულიად სხვა ლათინური სახელწოდების მქონე სოკოების ჯგუფს ეკუთვნის.

armillariella mellea - მანჭკვალა

ცრუმანჭკვალა (hypholoma sublateritium, რუსულად –ложноопенок кирпично-красный) და მანჭკვალას მატყუარა (hypholoma  fasciculare, რუსულად –ложноопенок серно-желтый) კი სხვა ჯგუფის სოკოებია და საჭმელი მანჭკვალასგან განსხვავებული, მუქი ფერის ფირფიტებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ მანჭკვალამაც შეიძლება გვაწყინოს, თუკი კარგად არ მოვხარშავთ.

hypholoma sublateritium – ცრუმანჭკვალა

hypholoma fasciculare – მანჭკვალას მატყუარა

ქართული სამზარეულო სოკოს კერძების მდიდარი რომ ვერ არის, ამის შესახებ ივანე ნახუცრიშვილიც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, პარადოქსია, რომ ისტორიული წყაროებით, ქართველი ხალხი შორეული წარსულიდან იცნობს უამრავ სოკოს, რომლებიც სხვადასხვა კუთხეში ხშირად სხვადასხვა სახელითაა ცნობილი.

„ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, კერძოდ რომელ სოკოს მიეკუთვნება მთელი რიგი ქართული სახელები: ბარქაზი, გორნიჭულა, თხილის სოკო, ჯონჯოლია, ლებანი, მანჯანიკი, ნაფეტვარა, რიგა, კომშის სოკო, ქვეშნიგოზა, ღარიღონა, ჩობაყო, ხბოს შუბლა, ზურგმაგარა და ზოგიერთი სხვა“, – წერს ნახუცრიშვილი თავის წიგნში „საქართველოს სოკოები“ და დასძენს, რომ საქართველოში მრავალი კარგი სოკო იზრდება, მაგრამ მოსახლეობა მის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს ხმარობს. ამის გამო დიდი რაოდენობით იკარგება „ეს იაფფასიანი და ძვირფასი კვების პროდუქტი“.

მეცნიერი წუხს, რომ საქართველოში საჭმელი სოკოები ძირითადად ნედლი, ახლადმოკრეფილი გამოიყენება (მოსახრაკავად და შესაწვავად). იშვიათია მათი გახმობა, დამწნილება, დამუჟუჟება და დამარინადება. ქართველები საჭმელად იყენებენ 30–მდე სოკოს სახეობას, დანარჩენს კი ყურადღებას არ აქცევენ: „ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს ისეთ ძვირფას სოკოებს, როგორიცაა: დათვის სოკო, არყისძირა, ვერხვისძირა და სხვა. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში საჭმელად ხმარობენ მდარე კეტეგორიის სოკოს, როგორიცაა: საჩეჩელა და ზღარბა სოკოები, ძერანა და ა.შ.“

ივანე ნახუცრიშვილის ცნობით, მართალია, იშვიათია, მაგრამ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სოკო – ტრიუფელიც გვხვდება. ამ სოკოს მოძებნა ძალიან რთულია, რადგან იგი კარტოფილის მსგავსად მიწისქვეშ იზრდება. ევროპაში მის მოსაძებნად ღორებს ან ძაღლებს წვრთნიან. ალ. მაყაშვილი თავის ბოტანიკურ ლექსიკონში ახსენებს თირკმელასოკოს, რომელსაც ოკრიბაში ეძახიან შავ სოკოს. მაყაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის იგივე кавказский трюфель, იგივე terfezia transcaucasica. სხვა ცნობები ამ სოკოს შესახებ ჯერჯერობით ვერსად მოვიპოვე. ისიც არავის აქვს ნაკვლევი, ოკრიბაში „შავი სოკოსგან“ რა კერძებს ამზადებდნენ.

ზოგადად, ცნობილია, რომ ევროპული სამზარეულო ბოლო საუკუნის განმავლობაში უფრო დაჩქარებული ტემპებით განვითარდა, რაც ნაკარნახევი იყო სწრაფი კომერციალიზაციით. ამ ასი წლის განმავლობაში ევროპული ქვეყნების სამზარეულოებს ასობით ახალი კერძი შეემატა და სოლიდური რესტორნების მენიუებშიც დამკვიდრდა. ქართულ სამზარეულოში კი კერძების რაოდენობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა. ზოგიერთი ძვირფასი კერძი მხოლოდ ეთნოგრაფიულ მასალებშია შემორჩენილი. ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზი ბოლშევიკურ დიქტატურაში დაკარგული ასი წელიწადია, რა დროსაც მეღვინეობაც და კულინარიაც თანაბრად დაკნინდა. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი სოკოს მომზადება ახლაც მისი ტაფაზე დაყრით და შეწვით შემოიფარგლება.

ღვინისა და სოკოს კერძების შეხამებაზე როცა მიდგება საქმე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი საჭმელი სოკო ალკოჰოლთან ერთად შხამიანია. ასეთებია, მაგალითად, მგლის სოკო, სილიო, მუხისძირა და სხვ. თუმცა, არსებობს ნაცადი შეხამებები, როგორიცაა კარაქში შემწვარი ნიყვი და სასიამოვნო სიმჟავის მქონე იმერული თეთრი ღვინოები. ასევე მიქლიო (ქათამბარკალა) და რაჭული „ხვანჭკარა“. დათო ჩიჩუას თქმით, მას ძალიან უყვარს ფარშირებული სოკოსგან მომზადებულ კერძები, რომელსაც შესანიშნავად უხამებს ნაზ წითელ ღვინოებს, როგორიცაა, მაგალითად, „ხარებას“ „ალადასტური“.

სოკოს კერძები, როგორც წესი, არომატული და ნაზია. ამიტომ მას დახვეწილი სპირტიანი სასმელებიც კარგად ეხამება. ჩემი მეზობელი, გოჩა აბულაშვილი ხშირად იხსენებს იმ დროს, როცა საბჭოურ რესტორნებში დესერტად უკვეთავდნენ ერთ ყავის ფინჯან „ჟულიენს“ და ჭიქა კონიაკს. „ჟულიენი“ ფარშირებული სოკოა, კარაქთან, არაჟანთან და რბილ ყველთან ერთად მომზადებული – საკმაოდ ნოყიერი, მაგრამ ამავე დროს ნაზი კონსისტენციის კერძი. ეს მცირედი სიამოვნება მაშინ საკმაოდ დიდი ფული – თუმანი ღირდა. მე და გოჩამ ამასწინათ „ჟულიენი“ დიდ დიღმის მიმდებარედ დაკრეფილი სამნაირი სოკოსგან – ჯგუფურასგან, წკრიალასგან და ქამასგან მოვამზადეთ. მართალია, კონიაკი არ გვქონდა, მაგრამ ძალიან წაგვადგა კომპანია „ჩვენი ღვინოს“ მუხაში დავარგებული „ჭაჭა“.

"ჟულიენი" და მუხაში დავარგებული "ჭაჭა" – იდეალური შეხამება

ამ შეხამებამ გოჩას სტუდენტონის წლები გაახსენა, როცა ლენინგრადში 37 მანეთად გადაფრინდებოდა და გადმოფრინდებოდა, მე კი დავრწმუნდი, რომ ფინჯან „ჟულიენთან“ ერთად, ჭიქა კონიაკის ფასიც თუ იგულისხმებოდა, ნამდვილად ღირდა თუმანის გადახდა.

პრობლემა ისაა, რომ დიდი დიღმის სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, მალე აქ სოკოს დაკრეფა შეუძლებელი იქნება. მინდვრები ერთიანად გაყიდულია. ახალმოსახლეები უკვე პატარა მთებს იღობავენ თავ–თავიანთთვის. იქ, სადაც ოთხი–ხუთი წლის წინ ქამა სოკოების ყველაზე დიდი კოლონიები იყო, ახლა „ორიფლეიმის“ უზარმაზარი საწყობია. ღმერთმა იცის, რა იქნება კიდევ ოთხი–ხუთი წლის შემდეგ. ერთი რამ კი ცხადად ჩანს – უნიკალური ეკოსისტემები ჩვენს თვალწინ ადგილს უთმობს მომავლის თბილისს – უგზო–უკვლოდ გადაშლილ მეგაპოლისს, რომლის სახელითაც გამალებულად ვჩეხავთ ტყეებს, სარკოფაგებში ვაქცევთ მდინარეებს და ვაბეტონებთ მინდვრებს. სოკოს შეგროვებას ვინღა ჩივის?! მადლობა უნდა ვთქვათ, ჰაერისთვის თუ მაინც დაგვრჩა ადგილი!

პირველად გამოქვეყნდა გაზეთში Weekend / მარანი და ღვინის კლუბის ბლოგზე: http://vinoge.com

http://vinoge.com/samzareulo/bostneulifxaleuli/soko-qarTuli-samzareulos-susti-wertili

სახლიდან სამსახურამდე სამარშრუტო ეკლესიით ვიმგზავრე.

ეკლესიაა, აბა, რა არის, როცა მძღოლს მთელი გზა საპატრიარქოს რადიო აქვს ჩართული და მგზავრებს წირვა-ლოცვას ასმენინებს — გალობით, მღვდლის ქადაგებით და უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალეთი?!

რამდენიმე მგზავრს ლოცვანი აქვს გადაშლილი. დროდადრო  თვალებს მარშუტკის თავანს აღაპყრობენ და პირჯვარს იწერენ. ერთი ესაა, რომ მარშუტკა გაჭედილია და მეტანიები ვერ ხერხდება, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს.

ეს დღეს იყო.

გუშინ კი ავტობუსის გაჩერებაზე სიმპათიური ქალიშვილი ვიხილე გადაშლილი ლოცვანით,  სევდიანი თვალებით. ვინ იცის, რა ცოდვებს ინანიებს?! მუნიციპალური ავტობუსის მოსვლამდე დილის ლოცვებს ვერ ჩაათავებდა და ალბათ, კითხვას ავტობუსში გააგრძელებდა.

ავტობუსში  ეკლესიის გამართვა მრევლისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს რადიოს ხმამაღლა ჩართვა რომ არ ეკრძალებოდეთ. აქ კანკელის ადგილიც არის და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისეთი მოხალისე მღვდლებიც გამოჩნდებიან, მგზავრებს საცეცხლურით საკმევლის სურნელს რომ შეაფრქვევენ, სამსახურისკენ გზას დაულოცავენ.

მერე და მერე ავტობუსებში ფრესკების მოხატვაც შეიძლება (რატომაც არა?!), რათა სევდიანმა ქალიშვილებმა უფრო ეკლესიურად იგრძნონ თავი.

მგალობელთა გუნდიც რომ ჩაერთოს, რადიოც აღარ იქნებოდა საჭირო და წირვა-ლოცვას უფრო ბუნებრივი სახე  მიეცემოდა. ნუ, რადიო მაინც ტექნიკაა, კომპიუტერივით, ტელევიზორივით. ვინ იცის, სად არის სატანა ჩასაფრებული?!

ერთხელაც ჩემმა მორწმუნე ბიძაშვილმა ტელევიზორის ყურებაზე აიღო ხელი. მამამ რომ ჰკითხა, ვითომ რატომაო, უპასუხა: ტელევიზორი სატანურიაო. ბიძაჩემი კი ერთობ ავყია ვინმეა, სიბერეშიც ვერ მოიშალა გინება. შვილის პასუხმა ძალიან გააბრაზა და შეუძახა: წადი, შენი სატანის დედაც მოვსტყანო! ეს ამბავი რომ მომიყვნენ, წარმოვიდგინე კიდეც, როგორ ჟიმავს ვახტო ძია სატანის დედას.

მამენტ, მარშუტკა და ავტობუსიც ხომ ტექნიკაა?!.. მაგრამ, როცა ეკლესიაში წასასვლელად დრო არა გაქვს და იძულებული ხარ, თან იმგზავრო და თან ილოცო, გარკვეული სარწმუნოებრივი კომფორტიც გჭირდება. ამიტომ, თუ რელიგიურ აწმყოს ბიზნესის კანონებით განვიხილავთ, მომავალში მოთხოვნა აუცილებლად გააჩენს მიწოდებას და სამარშრუტო ეკლესიები გარდაუვალი რეალობა გახდება.

სამარშრუტო ეკლესიებით ქართველები უფრო ადვილად ვივლით ერთად ღვთისაკენ. უფრო ადვილად გავბრწყინდებით, ოდეს ჟამი ჩამოკრავს.

გამოგიტყდებით, მე ლოცვისთვის მაინც ტრადიციულ ეკლესიას ვამჯობინებ, იქ ღმერთთან უფრო ახლოს ვგრძნობ თავს, მაგრამ ხანდახან, როცა მხურვალე ვნებები გამივლის და მრევლში გათქვეფა მომინდება, მეც ვეწვევი სამარშრუტო სავანეებს.

იქ შავი თოვლივით დამათოვს ჭვარტლი და ბურუსი თავანის. სიმკაცრით შემხედავს საშვენი თვალები შეკრული კამარის: ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!

არ არის?

საქართველოში რთველი კახეთიდან, კერძოდ — დედოფლისყაროდან იწყება. ამ კუთხეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. კახეთის შემდეგ რთველი ქართლში ინაცვლებს, შემდეგ — იმერეთში, ბოლოს კი ამ ფერხულში რაჭა-ლეჩხუმი, გურია და აჭარა ერთვებიან. ვაზის ზოგიერთი ქართული ჯიშის ყურძენი ძალიან გვიან, დეკემბერშიც კი იკრიფება. ასეთი ჯიშებია, მაგალითად, ჩხავერი და ჯანი გურიაში.

ჩხავერი

ზურაბ თოფურიძის ფოტო

რთველში ვინც ყოფილა, კარგად იცის, რომ ეს არის დამქანცველი დღეები, რომელსაც განტვირთვის საღამოები მოსდევს — ოჯახი და მეგობრები ვენახიდან სუფრაზე ინაცვლებენ, სადაც ქართული ღვინო ჩინებულად ეხამება ქართული სამზარეულოს რჩეულ კერძებს. სწორედ ამიტომ არის, რომ რთველი დღესასწაულთან, ლხინთან უფრო ასოცირდება, ვიდრე შრომასთან და ჯაფასთან. ბოლო წლებში ამას კარგად აუღო ალღო საოჯახო სასტუმროების ზოგიერთმა მეპატრონემ, რომლებმაც რთველი დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციეს. მაგალითად ნაფარეულში ტყუპი ძმების გია და გელა გამტკიცულაშვილების მამული გამოდგება, სადაც რთველის პერიოდში ფუტკრებივით მოფუსფუსე უცხოელ ტურისტებსაც ნახავთ. მათ ჯერ ვენახში მუშაობა სიამოვნებთ, შემდეგ კი ერთგვარი ჯილდო — ქართული სუფრა.

რთველი და მოსავლის ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ღვინის ხასიათზე. ეს განსაკუთრებით მცირე და ოჯახური მარნების ღვინოებზე აისახება, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიური ჩარევებით არ ამუშავებენ. მსხვილი კომპანიების ღვინოებისთვის კი, დიდწილად, სულერთია, როგორი წელიწადი იქნება — მზიანი თუ წვიმიანი, დაავადებები მოერევა ვაზს თუ ვაზი ძლევს დაავადებებს. ამ ფაქტორების მიუხედავად, სხვადასხვა ტექნოლოგიური ხერხების წყალობით, მსხვილი კომპანიების ღვინოებს ყოველ წელიწადს სტაბილურად ერთნაირი გემო აქვს.

გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მე პირადად ის ღვინოები მომწონს, რომლებშიც მოსავლის წლის ცხოველი გავლენა, მევენახისა და მეღვინის ბუნებასთან ჭიდილი, შემოქმედება იგრძნობა.

გირჩევთ, გასინჯოთ რამდენიმე მათგანი და დასკვნები თავადვე გამოიტანოთ: 2006 წლის მოსავლის „ვინოტერა“ „ქის“, 2005 წლის მოსავლის „ვინივერიას“ „ქისი“ და 2009 წლის მოსავლისუსახელაურის ვენახების“ უსახელაური“ ან „ხოხბის ცრემლების“ „შავკაპიტო“.

პირველად გამოქვეყნდა «თბილისი Out»-ში

 

ნეტგაზეთის ფოტო

მთელი თბილისი და ალბათ, მთელი საქართველო, ახლა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ლაპარაკობს. სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტ-ფორუმებში არ წყდება ეგზალტირებული კომენტარები.

 
ძირითადად, როგორც ვაკვირდები, ჟურნალისტებს უტევენ. „ეს არის ქართული ჟურნალისტიკა?!“ — ისმის მკვახე შეძახილი.

 აქედანვე მინდა ვუპასუხო მათ, ვისაც ამ კითხვაზე პასუხი მართლა აინტერესებს: არა, ეს არ არის და არც არასოდეს ყოფილა არც ქართული და არც საერთოდ ჟურნალისტიკა.

 „მე არ მრცხვენია“, — ასეთი სათაურით გამოაქვეყნა თავისი სტატია გორელმა ჟურნალისტმა, გოგა აფციაურმა და მეც ვუერთდები ამ განწყობას.

 რატომაც არა? შერცხვეს მას, ვისაც უნდა რცხვენოდეს! ჟურნალისტებს კი თავი დაანებეთ!

  • ელისო ჩაფიძე, ჟურნალისტი, „მთელი კვირის“ რედაქტორი: „ვამაყობ ჩემი ზრდილობიანი, ლამაზი,  გაზრდილი გოგოებით და ბიჭებით. გენაცვალეთ, ჩემო ნამდვილო ჟურნალისტებო — „რეზონანსელებო“ და ყველა კულტურულო კოლეგავ…“

მოდით, გავიხსენოთ, ვინ დასვა მთავარი შეკითხვები პრესკონფერენციაზე და როგორი განწყობით: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“, საზოგადოებრივმა რადიომ, პრესა.გე-მ, აიტივი-მ, ტაბულამ, პრაიმ-ტაიმმა… და რაც მთავარია — არარეალურად რეალურმა რეალ.ტვ-მ…

პრესკონფერენციაზე სიტუაციას ეს ფსევდომედია მართავდა. მექანიკურ სათამაშოს რომ დაქოქავ და ხელს გაუშვებ, ასეთი ტემპი ჰქონდათ აკრეფილი. ერთმანეთსაც არ აცლიდნენ და ცდილობდნენ, როგორმე პირველებს ესროლათ ქვა იმ კაცისთვის, ვისთვისაც ნორმალურ სიტუაციაში, უბრალოდ, შეკითხვები უნდა დაესვათ და ზრდილობიანად დალოდებოდნენ პასუხებს…

 ნუთუ, ამ კოიოტებისგან სხვანაირ პრესკონფერენციას ელოდით?

  •  მალხაზ ხარბედია, ლიტერატორი:„დღევანდელმა პრესკონფერენციამ წყალში ჩაყარა ენის შესაძლებლობებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ყველა შედეგი, რადგან დღეს რაც ხდებოდა, ამის აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია. ენა ისევ უძლურია“.

 ენა მართლაც უძლურია იმ გაბოროტების გადმოსაცემად, რითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, საზოგადოებრივი რადიოს, „პრესა.გე“-ს, „აიტივი“-ს, „ტაბულას“, „პრაიმ-ტაიმისა“ და რეალ.ტვ-ს კოიოტებმა იერიში მიიტანეს ბიძინა ივანიშვილზე — ქართული პოლიტიკის დებიუტანტზე.

ამიტომ, თქვენი ნებართვით, გზადაგზა ფეისბუკელი ფრენდების პოსტებს დავესესხები.

 ივანიშვილის პრესკონფერენციის დებიუტი მაინცდამაინც კარგი არ გამოვიდა.

  •  თეა თოფურია, ‎მწერალი, ჟურნალისტი:სადმე სოფელში ასკაციან ქორწილში რომ სიტუაცია აირევა და თამადა რომ ყვირის, მომისმინეთო, აი, ეგეთი პრესკონფერენცია იყო“.

 თუმცა, სოციალურ ქსელებშიც და ქალაქშიც ძირითადად მაინც ბიძინა ივანიშვილს უთანაგრძნობდნენ და არა კოიოტებს. ყოვლისმომცველმა ფორუმმა — http://www.forum.ge/-მ გამოკითხვაც  გახსნა, შეკითხვით:  პრესკონფერენციის შემდეგ ივანიშვილის მიმართ დადებითად განეწყვეთ თუ უარყოფითად?  ამ ეტაპზე კითხვას 1588 იუზერმა უპასუხა. 68,15% ამბობს, რომ დადებითად განეწყო, 25,94 %-ს უარყოფითი შთაბეჭდილება დარჩენია, 5,65%-მა კი ხმა მისცა გამოკითხვის მესამე პასუხს (ბევრმა, ალბათ, იცინიკოსა): „როდის იყო პრესკონფერენცია?“

და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ფსევდომედიის ასეთ თავხედობას ვერავინ წარმოიდგენდა. ამ კოიოტებისთვის პრესკონფერენციის ეტიკეტი, ალბათ, არც არავის უსწავლებია, მაგრამ მიკროფონს ჩაფრენილებს თავიანთი ტელეარხების თოქ-შოუები მაინც თუ გაახსენდათ, სადაც ერთი კითხვის დასმის უფლებით ჩამოატარებენ ხოლმე მიკროფონებს?! აბა, ერთი მიშას პრესკონფერენციაზე გაბედოს რომელიმემ და ანალოგიური გააფთრებით მოითხოვოს მიკროფონი, ან  პასუხი არ დააცადოს და სიტყვა გააწყვეტინოს „რესპოდენტს“!

  •  დავით პაიჭაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალსტი:„პროფესიიდან დროებით წავიდოდი, მაგრამ დღეს გადაცემა მაქვს“.

თუმცა, მიშას პრესკონფერენცია ბუნებაში არ არსებობს. ე. შევარდნაძის ტრადიციული ყოველკვირეული პრესკონფერენციების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, რეალურად, პრესკონფერენცია არ ჰქონია. მიშას უყვარს მონოლოგები, როცა კითხვას არავინ უსვამს და რასაც უნდა, იმას ლაპარაკობს — თავისთვის მიერეკება. ან უარესი — უყვარს დავარცხნილი, „ჩაწყობილი“ ბრიფინგები, სადაც წინ მხოლოდ მისი რჩეული სამი ტელევიზიის დაქოქილი სათამაშო უზის, თვალებს უფახულებს და წინასწარ ჩამოწერილ, ათასჯერ შეთანხმებულ კითხვებს უსვამს. მიშა ასეთია.

ხოლო ბიძინა — კაცი, რომელიც აქამდე არ ჩანდა და მისი პერსონის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით, გაცილებით კომუნიკაბელური და ღია აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. კოიოტებმა ამით ბოროტად ისარგებლეს. ალბათ, ნებისმიერი პოლიტიკური განწყობის მაყურებლისთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა ის ქაოსი, რაც პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა.

  • თინათინ ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:„ვაიმე, ცუდად კი ვარ, მაღალი სიცხე მაქვს, მაგრამ არა მგონია, მოლანდებები დამწყებოდეს და იქნებ დამეწყო კიდეც?! ახლა მე ტელევიზორს ვუყურებ და ნეტავ, თუ მელანდება რამე?“
  • ნინო თარხნიშვილი, მწერალი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი:„ვაიმე, ეს ჟურნალისტები რატომ არიან ასეთი აქოშინებულები? მიკროფონთან ჭიდაობამ დაღალა სასტავი თუ უბრალოდ ღელავენ?“

ნინოს კითხვას პირდაპირი პასუხი, ალბათ, არა აქვს. რამდენიმე ვარაუდი კი გამოითქვა.

ამ ვარაუდს, ერთგვარად, ამყარებს იმ დავიდარაბაში ივანიშვილის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ტრიპოლსკის მიერ წამოსროლილი ფრაზები (ქვეცნობიერიდან ხომ არა?): „აგერ მიეცით ამას, გადაირია ეს ქალბატონი!“ ან უარესი: „აგერ, ამდგარია. მიეცით!

მოდით, ამ ფსიქოანალიტიკურ გეზს ნუღარ გავყვებით და მიკროფონს სხვა ფროიდისტულ სიმბოლოებთან ნუ დავაკავშირებთ, თორემ შორს წავალთ.

ისე კი, ბარემ აღარ დავსერიოზულდები და სათქმელს ხუმრობით ჩავამთავრებ.

  • ჩიტი:„ქართლის დედა გაცოცხლდა გუშინ, ლიკა ბერაიას სახე მიიღო და მივიდა ბიძინასთან!“ 
  • ნი2 ნიუსი: „ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციის შემდეგ: „შემდეგ პრესკონფერენციას დეზერტირების ბაზარში ჩავატარებ, დარწმუნებული ვარ, კითხვების დასმის კულტურა იგივე იქნება“.
  •  ირმა იანტბელიძე ჟურნალისტი: „სანამ შილა არ შემოვა, არ აიშალოთ, სად მიდიხართ?!“

ირაკლი ტრიპოლსკი:„რა ვქნა, აღარ ვიცი!.. სად წავიდე?“

ბიძინა: „ე ბიჯო, შენ მაინც გაჩერდი!“

პირველად გამოქვეყნდა საიტზე: www.humanrights.ge

უკვე აღარავის უკვირს, როცა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე დაჩქარებული წესით იღებენ გადაწყვეტილებებს. საზოგადოებას საჯარო განხილვისათვის მცირეოდენ დროსაც არ უტოვებენ. ხშირად ეს არის არა მარტო საზოგადოების უგულვებელყოფა, არამედ კანონის დარღვევა, რადგან ზოგიერთი საკითხის საჯარო განხილვას მთავრობას კანონი ავალდებულებს.
 
სწორედ ასე პარტიზანულად აპირებენ ტყეების გასხვისებას 49-წლიანი იჯარით. ცდილობენ, ეს რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს და თანაც — სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით.

ბუნების დაცვის საკითხებისადმი უსულგულო დამოკიდებულება მთავრობაში ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძის მისვლით დაიწყო.

„გავყიდოთ ყველაფერი, სინდისის გარდა!“ — თქვა მან მაშინ.

„ბენდუქიძე იუდა!“ — უპასუხეს ზვიადისტებმა.

„რატომ ვარ იუდა?!“ — გაიკვირვა ბენდუმ.

კერძო საკუთრებაში ან გრძელვადიან სარგებლობაში ტყეების გადაცემა ურიგო აზრი არ არის, თუკი ეს გარკვეული პირობების მკაცრი დაცვით მოხდება და მთავრობა ამ პირობებს საზოგადოებას შეუთანხმებს. ამავე დროს, ტყეების გასხვისებას წინ უნდა უსწრებდეს ინვენტარიზაცია — სათითაოდ უნდა იყოს დათვლილი ხეები და შემდეგ,  სახელმწიფომ გამუდმებით უნდა აკონტროლოს, რამდენ ხეს მოჭრის კერძო მფლობელი და რამდენს დარგავს სანაცვლოდ.

სამწუხაროდ, ეს ასე არასოდეს არ ხდება. ბენდუქიძის დევიზი პრაქტიკაში ასე ჩამოყალიბდა: „უსინდისოდ გავყიდოთ ყველაფერი!“

4 სექტემბერს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ქართულ საზოგადოებრივი ორგანიზაციებს ელექტრონულ ფოსტაზე გადაუგზავნა ტყის კოდექსისა და იჯარის ხელშეკრულების პროექტები. საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტები რატომღაც ინგლისურ ენაზე იყო მომზადებული.

გაუგებარია, რატომ უნდა მიაწოდო ქართულ ორგანიზაციებს დოკუმენტები ინგლისურ ენაზე, როცა მის თარგმნას და სწორად აღქმას დამატებით დრო სჭირდება?! სამინისტრომ კი მათ სულ რაღაც ორი კვირის ვადა მისცა დოკუმენტაციის გასაცნობად და საპასუხო შენიშვნებისა თუ წინადადებების მოსამზადებლად.

სწორედ ეს აჩენს ეჭვს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სპეციალურად ცდილობს, გარკვეული ბარიერები შეუქმნას სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობის განზრახვას, ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.

საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ კანონით მინიჭებული უფლება, მონაწილეობა მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

სწორედ ასე პარტიზანულად შევიდა პარლამენტში ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ნადირობა დაშვებული იქნება ეროვნულ პარკში, აღკვეთილსა და დაცულ ლანდშაფტში. შესაბამისი ცვლილების შეტანა ტყის უკვე არსებულ კოდექსში იგეგმება. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის დაშვება ძალიან გასაკვირი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებაა. კანონის ინიციატორებმა, სულ მცირე, განმარტება მაინც უნდა გააკეთონ, რატომ გადაწყვიტეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

საოცარია ისიც, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებს ახლა ენერგეტიკის სამინისტრო წყვეტს. არადა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა ერთმანეთს ვერანაირად ვერ ეწყობა. ენერგეტიკის ინტერესები ხომ ბუნებრივი რესურსების ათვისება-მოხმარებასთანაა დაკავშირებული?!

ბუნებრივი რესურსების საკითხებზე ენერგეტიკის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშს ჰგავს. ამ საჭადრაკო პარტიაში მინისტრი ენერგეტიკას დააშამათებს თუ ბუნებას, მის ხასიათზე და გაქანებაზეა დამოკიდებული. ალბათ, უფრო — მეორეს, რადგან ენერგეტიკას დიდი ფული სწრაფად მოაქვს. დაცული გარემო, უნიკალური ტყეები, ეროვნული პარკები და ცხოველები კი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება წარმოიდგინო დიდი ფულის წყაროდ. ენერგეტიკის მინისტრს და მთავრობას მოცდა არ უღირს. ბენდუქიძეს რაზმს დიდი მადა აქვს. მას ფული დღეს უნდა!

გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ბუნებრივი რესურსების მართვის ჩამორთმევა და ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემა უკვე ნიშნავს, რომ მთავრობას გარემოს დაცვა და უნიკალური ტყეების შენარჩუნება დიდად არ აინტერესებს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსები იქცეს ბიუჯეტის იოლად შევსების წყაროდ. ასეთი მომხმარებლური დამოკიდებულების მქონე ადამიანები არ ფიქრობენ, რა მოხდება ხვალ, როცა გაჩეხილი ტყეების ადგილზე წარმოშობილი მეწყერები და ღვარცოფები თავს დაატყდება სოფლებს.

ცოტა ხნის წინ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბრძანებით სანადირო ცხოველების სია განსაზღვრა. ამ სიაში, არც მეტი არც ნაკლები, შველიც მოხვდა. გამოდის, ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით შველზე ნადირობა ნებადართულია, ხოლო აღკვეთილებში მასზე ნადირობას პარლამენტი დააკანონებს. მერე ნახეთ, როგორი აზარტით შეესევიან გაბოროტებული ადამიანები დაცულ (აწ უკვე დაუცველ) ტერიტორიებს.

ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე მონადირეების გულისტკივილი, ნადირობის სეზონზე როგორ ერთიანად ხოცავენ მწყერს იარაღასხმული ბანდები (სხვა სახელს მათ ვერ ვარქმევ). 

აი, მოვუსმინოთ ერთ-ერთ მონადირეს: „დღეს ვიყავი გასული მინდორში. მანქანიდან გადმოვედი და სამი მანოკის ხმა მესმოდა. დავბერდი ნადირობაში და ასეთი რამ ჯერ არ მინახავს — საითაც გავიხედე, ლანდების ჯარი დადიოდა ჯერ კიდევ ღამეში. ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ როგორც კი ინათა, დავიჯერე, რომ არ მომლანდებია და რეალობა იყო. მე და არხეინამ გადავთვალეთ და რაც თვალით ჩანდა ჩვენს გარშემო, 38 თოფიანი კაცი ქაოსურად მოძრაობდა. მერე ატყდა სროლა, დედის გინება, დაჭრილი ძაღლების კივილი! მანქანასთან ახლოს რომ არ ვყოფილიყავით, ცოცხალი ვერ გამოვიდოდით, ალბათ. გავიწიეთ შორს და ვაკვირდებოდით — მწყერი მაინც თუ იყო მონადირეზე მეტი, მარა, ფაფუ!.. ამ ვაიმონადირეებს ხალხიც მწყერად ეჩვენებოდათ, ალბათ და დაუსისხლიანეს თავ-ფეხი ერთმანეთს. ლამის შემზიზღდა თოფი და ნადირობა ისეთი ამაზრზენი სურათი იყო იქ. არავითარი ნადირობის კულტურა და წესრიგი! ოღონდ ერთი მწყერი დაენახათ და ალყაში აფრენილს ყველა ესროდა. ფაქტობრივად ერთმანეთს ესროდნენ. გამაგებინეთ, ხალხო, სანადირო თოფს ეს ხალხი სასიკვდილო იარაღად ვერ აღიქვამს თუ რა ჯანდაბა ხდება?!“

ალბათ, თქვენც გაინტერესებთ, რა არის ეს მანოკი ასეთი? ერთ-ერთ ჩემ ნაცნობ მონადირესთან დავაზუსტე და აი, თურმე რა ყოფილა: „მანოკი ეს არის მწყერის ჩაწერილი ხმა. მოგეხსნებათ, მწყერი საქართველოდან თბილ ქვეყნებში მიფრინავს და გადაფრენამდე გუნდებად ერთიანდება. ჰოდა, ამ ჩაწერილ ხმას ატრიალებენ მინდორში მთელი ღამე. ყველა გადამფრენი მწყერი იქ ჯდება. მერე კი დილით შეესევიან და ოც ცალს კი არა, რაც ლიმიტია, ასეულობით მწყერს ხოცავენ. უბედურება ისაა, რომ ეგ მანოკი რომ დაუმტვრიო ვინმეს, სასამართლოში გიჩივლებს და მოგიგებს. მანოკი ლილოდან სამგორამდე ყველგან იყიდება. გარემოს დაცვის ინსპექცია თითქოს არც არსებობს, ან თვითონაც იყენებს მანოკებს ან თვალი აქვს დახუჭული. რას ვიზამთ, ასეთია დღეს ჩვენი სამართალი. ქართულ ბუნებას ახლა ბენდუ და მისი კამანდა ფლობს!..“

თემა, ასევე იხილეთ ტვ „მაესტროზე“: http://www.maestro.ge/?address=uc&id=25187&page=1

 

პირველად გამოქვეყნდა საიტზე: www.humanrights.ge

წესით, 11 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა უნდა მომესმინა, რაკი ჩემი პროფესია მავალდებულებს, მივიღო ინფორმაციები ყველა მხრიდან, გავაანალიზო და გარკვეული დასკვნები გამოვიტანო.
თუმცა, სააკაშვილის გამოსვლების მოსმენას კარგა ხანია, აზრი აღარ აქვს. როგორც მღვდელს ალილუია, ისე გვაქვს დაზეპირებული იმ სიტყვების შინაარსი, რასაც იგი ამ დროს გვეუბნება.
უკვე წინასწარ ვიცით, რას ილაპარაკებს: ქართული პოლიცია ყველა ქვეყნის პოლიციას სჯობია!.. საქართველო პირველ ადგილზეა ხინკლის ჭამაში!.. მესტიაში ყველაზე ხარისხიანი თოვლია!.. ბათუმი ბარსელონაა!.. თბილისში ყველაზე მჩქეფარე შადრევნებია!.. ხათუნა კალმახელიძესა და ვერა ქობალიას თვალები ყველაზე მიმზიდველად უციმციმებთ!..
STOP!
ამოვიდა ყელში!
ამიტომაც 11 თებერვალს ძვირფასი დრო აღარ დავკარგე და ტელევიზორი არც ჩამირთავს.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რეალურ და მტკივნეულ პრობლემებზე პრეზიდენტს არარეალურად გულუბრყვილო ან თავხედური პასუხები ექნებოდა.
მართლაც, მერე და მერე ნიუსებში აღმოვაჩინე, როგორ არის ჩვენი სუპერმენი პრეზიდენტი ისევ „ნულოვანი ტოლერანტობის“ ერთგული!
თურმე, ქუჩებში ისევ უნდა გაგრძელდეს ხოცვა-ჟლეტა, როგორც ეს მოხდა ქუთაისში რამდენიმე წლის წინ, როცა ძალიან ცუდად დაგეგმილი სპეცოპერაციისას პოლიციელები და შემთხვევით გამვლელი მოქალაქე მოკვდნენ. თურმე, პრეზიდენტი ისევ ამართლებს მსგავს სისხლიან  სპეცოპერაციებს და სინდისი არ ქენჯნის კორტებთან ჩაცხრილული ეჭვმიტანილების, ნაწამები სანდრო გირგვლიანის, ტერორისტული მეთოდებით მოკლული როინ შავაძისა და პოლიციის სხვა გახმაურებული აღვირახსნილი ძალადობების გამო.
ეს ყველაფერი სააკაშვილის პარანოიკულ გონებაში ჩამოიწერა, გაქრა და დარჩა მხოლოდ შადრევნები, მესტიის თოვლი, ხინკლის კუჭები და ქობალიას ჟუჟუნა თვალები…
კითხვები კი დღითიდღე მრავლდება და საზოგადოება პასუხებს ითხოვს!
შემაშფოთებელია ძალადობისა და თავხედობის ახალი ფაქტები:
რატომ დააკავეს და სცემეს ძმები ლუტიძეები უფორმო და უსახო პოლიციელებმა, რომლებიც მათ ყაჩაღებივით თავს დაესხნენ (ვიდეო)?
ეს რა მილიონებს ატრიალებს „სოსო, რომელიც ტელევიზიით ხშირად გამოდის“ და რას უნდა მოხმარდეს ეს ჭუჭყიანი ფული?
გაოგნებული ვარ ნანა ლეჟავას სპეციალური რეპორტაჟით.
შეიძლება, ვიღაცას ქურდული მენტალიტეტი აქვს, მაფიოზ შაქრო კალაშოვთან მეგობრობს და არაკანონიერი შემოსავლებით მდიდრდება. მე არანაირი სიმპატია არ მიჩნდება ამ ადამიანის მიმართ. თუმცა, უფრო მეტად ამაზრზენია, როცა სახელმწიფო მას დანაშაულს ვერ უმტკიცებს და შსს-ს მაღალჩინოსანი 3 (სამი) მილიონი ევროს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას ან „ქეშად“ სოსო თოფურიძესთან მიტანას სთხოვს. თუკი ეს კაცი საერთაშორისო ნარკოტრაფიკშია ეჭვმიტანილი, ინტერპოლი რატომ არ იჭერს? რატომ ცხოვრობს მშვიდად და აქვს ბიზნესი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში?
არ მიყვარს პოლიტიზებული მიტინგები!..
არ ვმონაწილეობდი 2007-2009 წლების საპროტესტო მოძრაობაში!
მაგრამ აღშფოთებული ვარ და ვფიქრობ, როგორ დავუპირისპირდე ხელისუფლების ყოველ თავხედობას!
ვფიქრობ და ბოლოს, ალბათ, რაღაცას მოვიფიქრებ, თუკი მანამდე პირდაპირ ეთერში არ დამიჭირეს.
 
პირველად გამოქვეყნდა საიტზე: www.humanrights.ge